„ქართული ოცნება“ კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც გაზრდის პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც გარდაუვლად აისახება ქვეყნის პრესტიჟზე, ავტორიტეტზე – დავით უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, დაჩქარებულად განიხილოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები.

როგორც უსუფაშვილი ამბობს, მმართველი გუნდი დგამს ნაბიჯს, რომელიც გარდაუვლად გაზრდის პრობლემებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ეს უკიდურესად სამწუხარო და კონტრპროდუქტიული, სახელმწიფოს ინტერესებში არშემავალი ნაბიჯია.

„მაშინ, როდესაც პარალელურად ევროკავშირს ვთხოვთ, რაღაცები დაჩქარებულად გავაკეთოთ, ჩვენ აქ დაჩქარებულად ვაღრმავებთ კონფლიქტს და უფსკრულს უკვე „ოცნების“ მიერ შერჩეულ, შექმნილ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს შორის. ეს უკიდურესად სამწუხარო და კონტრპროდუქტიული, სახელმწიფოს ინტერესებში არშემავალი ნაბიჯია. ვფიქრობდი, „ოცნება“ რაღაცებს გაიაზრებდა და შესაძლოა, ცხელ გულზე შემოტანილ კანონპროექტს ნელ-ნელა ისეთ ჩარჩოებში წაიყვანდა, პრობლემები ნაკლები შექმნილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მათ გულის თუ თავის სიცხელეზე გავლენას ბევრი რამ ახდეს და ეს ყველაფერი არასწორი ნაბიჯებისკენ უბიძგებთ. მათი მიზანია, სწრაფად მოახერხოს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლითაც რაც შეიძლება ხშირად დაემუქრება პრეზიდენტს ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მის ამა თუ იმ ქმედებას, ცხადია, საკუთარი ინტერპრეტაციით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.