ლევან იოსელიანი – მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაზე გავლენა აქვს და ამას რაღაც აკრძალვებით, კანონმდებლობის ცვლილებით ვერ მოაგვარებ

მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაზე გავლენა აქვს და ამას რაღაც აკრძალვებით, კანონმდებლობის ცვლილებით ვერ მოაგვარებ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური პროცესიდან ძალით გაყვანა შეუძლებელი იქნება.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განსხვავებული სიტუაციაა და ამ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც ქართულ პოლიტიკაზე გავლენა აქვს. რაღაც ჩანაწერებით, აკრძალვებით, კანონმდებლობის ცვლილებით, ამას ვერ მოაგვარებ. სანამ მას მხარდამჭერები ჰყავს და შესაბამისი გავლენა აქვს, მანამდე შესაბამის ფაქტორად დარჩება. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და პოლიტიკურად უნდა იმოქმედო. ამ პროცესიდან მისი ძალით გაყვანა იქნება შეუძლებელი, რადგან ამ ადამიანს ლაპარაკი როგორც არ უნდა აუკრძალო, ეს შეუძლებელია. თავის მომხრეებს ყოველთვის მოუწოდებს, ვისაც მისი სჯერა. შესაბამისად, ასეთი აკრძალვები ეფექტურად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნება, თუ მის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.