თენგიზ ცერცვაძე – ავირჩიოთ ვაქცინაციის, პირბადეების გზა და გახსნილი გექნებათ ხელ-ფეხი ბედნიერი ცხოვრებისკენ ან მოგვიწევს შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების, განსაკუთრებით კი პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოუწევთ.

„ავირჩიოთ ვაქცინაციისა და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, ხელახლა შემოღება შეზღუდვების და ლოკდაუნების, რაც გავიარეთ გასულ წელს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, დაბალი ტემპით თუ გაგრძელდება ვაქცინაცია, როდის ვარაუდობთ მესამე ტალღას, ცერცვაძე პასუხობს:

„ასეთი შეფერხებით თუ გაგრძელდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო, მაგალითად, საფრანგეთში“, – განაცხადა ცერცვაძემ.