“ბექაური არაუფლებამოსილი პირია, უნდა გადადგეს თანამდებობიდან!”

„საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კახა ბექაური ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც მან შეიძლება აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს და ის არაუფლებამოსილი პირია.

არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის ეკა გიგაურის ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კახა ბექაურს არ აქვს შესაბამისი დიპლომი. საუბარია მაგისტრის ხარისხის კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიც არის ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკა ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ორგანიზაციაში ინტერესდება, რატომ არ მოხდა ამ დოკუმენტების შესწავლა.

„ჩვენ იმ მოცემულობაში ვართ, როდესაც არაუფლებამოსილი პირი იმყოფება თანამდებობაზე და შესაბამისად, იგი უნდა გადადგეს ამ თანამდებობიდან. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ მის ნომინირებაში, შეისწავლონ ეს საკითხი თუ რატომ მოხდა ისე, რომ მისი დიპლომები არ იქნა გადამოწმებული,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, კახა ბექაური მუშაობდა „ტვ 9“- ში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან და ცხადია, რომ მას კონტაქტები ჰქონდა მმართველ პარტიასთან.