კარასინის განცხდებებით ხელისუფლების დაზიანებას ნუ შეეცდებით – კარასინის და ძმათა მათი მიზანია, რომ ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას დესტაბილიზაციის გამოწვევის შესაძლებლობა მისცენ – ირაკლი ქადაგიშვილი

გრიგორი კარასინის განცხდებებით ხელისუფლების დაზიანებას ნუ შეეცდებით – კარასინისა და ძმათა მათი მიზანი სწორედ ის არის, რომ მარტივი პროვოკაციების მეშვეობით ე.წ. რადიკალურ ოპოზიციასა და მათ რუპორებს ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის გამოწვევის შესაძლებლობა მისცენ, – აღნიშნული განცხადება ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთში დიასპორის მიერ გამართულ რაღაც შეკრებებთან და კარასინის რაღაც განცხადებასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არა აქვს.

,,მინდა ყველასთვის ნათლად განვმარტო – რუსეთის ხელისუფლება საკუთარი განცხადებებით მაქსიმალურად ეცდება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობის, დუღილის ტემპერატურის აწევას. გამომდინარე აქედან, ყველას მოვუწოდებ, რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს ჩვენი ხელისუფლების დღის წესრიგი განმსაზღვრელად ნუ გახდით – მათი განცხადებები ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის განმსაზღვრელი არ არის.

რა განცხადებას გააკეთებს კარასინი, რუსეთში საქართველოდან კერძო პირი ჩავა თუ არა და იქ მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები რა ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, ეს საქართველოს გეოპოლიტიკურ კურსს არ ცვლის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის,  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინიმ მოსკოვში ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრაზე განაცხადა, რომ ,,საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს აქვს ნათელი მომავალი”.