,,მე ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ“ – ერდოღანი რუსულ გაზზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტიდან დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ თურქეთს არ შეუძლია სანქციების დაწესება რუსეთზე, მისი ენერგეტიკული საჭიროებებისა და მასთან თანამშრომლობის გამო. ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ცალ-ცალკე გამართავს ზარებს უკრაინელ და რუს კოლეგებთან სამიტის შესაფასებლად.

„ჩვენ ვყიდულობთ ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან. ამასთან, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს აკუიის ატომურ ელექტროსადგურს რუსეთთან ერთად. ჩვენ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი განზე გადავდოთ”, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ სიტუაციაში თურქეთი რადიკალურ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ეს ყველაფერი თურქეთის მოსახლეობისთვის ზარალის მომტანი იქნება.

„ასე რომ, ამ საკითხებთან მიმართებით ვერაფერი გაკეთდება. ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მე ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში ვერ დავტოვებ. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი“, – დასძინა მან.