სამწუხაროა, რომ ვერ ვნახეთ პრემიერის წამყვანი როლი, განმუხტოს ვითარება – კელი დეგნანი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თბილისში 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს “საქართველოსთვის ძალიან სამწუხარო დღეს უწოდებს”.

მისივე თქმით, აშშ-მ ბევრი იმუშავა სამართალდამცავ უწყებებთან, რათა გაეუმჯობესებინა მასებთან გამკლავების შესაძლებლობები.

“ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როცა ნათელი გახდა, რომ ამ ხალხში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალადობდნენ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არ უჭერს მხარს ძალადობრივ ქმედებებს მოქალაქეების ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ.

ვფიქრობ, ძალიან იმედგამაცრუებელი დღე იყო ქართველებისთვის და ბევრმა თქვა კიდეც, როგორი მოულოდნელობა იყო ქვეყანაში, რომელიც, როგორც წესი, იცავს ადამიანის უფლებებს, ცნობილია ტოლერანტობით, იმის ხილვა, რომ უკან დგამს ნაბიჯებს ამ ღირებულებებისგან.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით. სამწუხაროა, რომ ასეთი წამყვანი როლი ვერ დავინახეთ”. – თქვა აშშ-ის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, თბილისში პრაიდ-კვირეულის ფარგლებში დაანონსებული „ღირსების მარში“ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დაგეგმილი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობით დასრულდა.