გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ – საპატრიარქოს შესაბამისი კომისია ალბათ იმსჯელებს, რაც ამ დღეებში ძალიან ცუდად გამოჩნდა – მეუფე გრიგოლი

გასარკვევი ის არის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ძალადობრივი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს და ქრისტიანობას აყენებს ჩრდილს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, საპატრიარქოს შესაბამისი კომისია, სავარაუდოდ, იმსჯელებს იმ საკითხებზე, „რაც ამ დღეებში ძალიან ცუდად გამოჩნდა“.

„ნებისმიერ შემთხვევაზე უნდა ვისაუბროთ არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არამედ მთლიანად – რა მოხდა. ადამიანი განსაკუთრებით სიფრთხილით ეკიდება იმ წყალობას, რასაც ჰქვია ოჯახი, სახარებისმიერი სიწმინდე. ეს კარგია, მაგრამ კარგი იქნება, რომ ჩვენ არა ამოგლეჯილად სხვადასხვა ცოდვა დავგმოთ, არამედ ზოგადად, ცოდვა დავგმოთ.

საპატრიარქოს აქვს შესაბამისი კომისია და ალბათ იმსჯელებს იმ საკითხებზე, რაც ამ დღეებში გამოჩნდა ძალიან ცუდად“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.