გიორგი გახარიას განცხადებით, ლგბტქ+ თემის უფლებების შესახებ პარტიების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას არ შეუერთდებიან

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებით, მათი პარტია ლგბტქ+ თემის უფლებების შესახებ ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მემორანდუმი პოლიტიკური კეკლუცობაა და კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება.

,,მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება, პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერ შინაარსობრივს, ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულს ვერ ვხედავთ. საქართველოს მოქალაქეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის ასე პოლიტიკურად ფრიალი არაგონივრული და არასწორია. საქმე უნდა აკეთოს ყველამ, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, კონსტიტუცია და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ დააპირისპიროს ერთმანეთს, ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თავად უნდა იყოს ავანგარდში და ასე იღებდეს გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი. მათივე ინფორმაციით, ხელმომწერი პარტიები არიან: 1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2. გირჩი 3. ევროპული საქართველო 4. გირჩი – მეტი თავისუფლება 5. რესპუბლიკური პარტია 6. კანონი და სამართალი 7. სტრატეგია აღმაშენებელი 8. ლელო 9. რეფორმერი 10. მოძრაობა “დროა” 11. სამართლიანობისთვის 12. ერთიანი საქართველო 13. თავისუფალი დემოკრატები 14. პროგრესი და თავისუფლება 15. გამარჯვებული საქართველო.