ჩვენ საქართველოს ლიდერებს შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება – ყველა ქართველს მოვუწოდებთ საჯაროდ დაგმონ ძალადობა – ნედ პრაისი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალადობა საჯაროდ უნდა დაგმოს, 5-6 ივლისს მომხდარი ფაქტები კი გამოძიებულ უნდა იქნას და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით გასამართლდნენ.

მისივე თქმით, დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ მშვიდობიან  დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელი ყველა პირი, ისევე როგორც ძალადობის წამქეზებლები კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული.

„უპირველესად, რა თქმა უნდა, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და მის კოლეგებს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ცნობებს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ტრაგიკულად ერთი სიცოცხლე, ამ შემთხვევაში – თქვენი კოლეგის სიცოცხლე. ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იქნენ იდენტიფიცირებულები, დაკავებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული.

ჩვენ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. ჩვენ შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმონ ასეთი ძალადობა, რომელსაც არ აქვს ადგილი დემოკრატიაში. ჩვენ ამაყად განვაგრძობთ მთელ მსოფლიოში ლგბტქ-საზოგადოების ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან დაცვას. ვცდილობთ, გავაძლიეროთ ლგბტ-მოძრაობები და ადამიანები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ-ჯგუფების მიმართ, და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია“, – განაცხადა ნედ პრაისმა.