ზაზა გახელაძე: დღეს უფლის წყალობით ყველაფერი კარგად არის – დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, ერთი თვე აქ დგომა მოგვიწევს

საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„კარგად ვარ. არ ველოდებოდი ნამდვილად. დღეს ყოველ შემთხვევაში არ ველოდებოდი, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით კარგად დამთავრდა. დღეს უფლის წყალობით ყველაფერი კარგად არის. მივესალმები ოჯახს აქედან. დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, ერთი თვე აქ დგომა მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ და ხვალ, ზეგ, მაზეგ, არსად წასვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა ზაზა გახელაძემ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.