ჯაბა სამუშია ოპონენტებს დოკუმენტებში კარგად ჩახედვას ურჩევს

საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ 14 მილიონი ლარის შიდა კორექტირება მოითხოვა, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

„სამწუხაროდ, მცირდება ავარიული შენობა-ნაგებობისთვის, კომუნალური ვაუჩერის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხები და ამ ზამთრის პერიოდში მათ შორის, სოციალურად დაუცველებსაც კი უმცირდებათ ვაუჩერის ოდენობა და ძალიან ბევრი მიმართულებით არის შენიშვნები. ბიუჯეტის გადახარჯვა გამოწვეული იყო წინასაარჩევნო მიზნებისთვის, ქართული ოცნების მიერ საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენებით,“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ენმ-ის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ მთავრობამ  საბიუჯეტო პროცედურები დაარღვია.

-„„მთავრობამ ეს საბიუჯეტო პროცედურები დაარღვია, რა თქმა უნდა პრობლემაა, მაგრამ უმნიშვნელოა იმ პრობლემასთან შედარებით, რასაც ჩვენი ოჯახების გაღარიბება ქვია ამ მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ქვეყანას სჭირდება ბიუჯეტი, სადაც ადმინისტრაციული ბიუროკრატიული ხარჯი არის მკვეთრად შემცირებული, რათა თავიდან ავიცილოთ ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი და შესაბამისად, მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება“ – აცხადებს  ჭიაბერაშვილი.

ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია პასუხობს და ოპონენტებს დოკუმენტებში კარგად ჩახედვას ურჩევს.

„ბიუჯეტის ზოგადი პარამეტრები იგივე რჩება, უბრალოდ ხდება შიდა კორექტირება, ეკონომიებიდან გამომდინარე. 14 მილიონიდან კონკრეტულად ვაუჩერის ცვლილებას ეხება მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი მილიონი, ეს არის ეკონომიებიდან დარჩენილი თანხა. ამიტომ, ჩემმა ოპონენტებმა უფრო დაწვრილებით უნდა ჩაიხედონ დოკუმენტში“-აცხადებს სამუშია.

კომენტარის დატოვება