ბოლო პერიოდში პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა მოიმატა – ჩვენთვის დღეს მთავარი არის ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემცირება – თამარ გაბუნია

„გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 2 261 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18. შემთხვევების რაოდენობა მაღალია, რაც ჩვენთვის თავისთავად განსაკუთრებული ყურადღების საგანია. მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი, ასევე მიდის მუშაობა სასტუმროების ქსელის გაფართოებაზე“, –  ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ბოლო პერიოდში ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

„ბოლო პერიოდში მოიმატა პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა. იყო ერთეული შემთხვევები მძიმე მიმდინარეობის. სამწუხაროდ, ორი გარდაცვალებაც დაფიქსირდა ახალშობილებში, თუმცა სხვა შემთხვევების უმეტესობა საბედნიეროდ არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. შედარებით გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, რაც ასევე საყურადღებოა.

დღეისთვის მთავარი მექანიზმი რჩება ისევ და ისევ ვაქცინაციის პროგრამა. ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა არის იმდენი, რომ სრულად ეყოს სამიზნე მოსახლეობას, რაც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული წლის ბოლომდე მოცვისთვის. ეს არის მილიონ ნახევარი „სინოვაკი“ და „სინოფარმი“, ორივე ძალიან მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. ჩვენთვის დღეს მთავარი არის ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემცირება. ორივე ამ ვაქცინას ახასიათებს ძაღიან მაღალი მაჩვნებლები ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის თავიდან აცილებისთვის. ველოდებით ასევე „ფაიზერის“ დოზების მოწოდებას“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია.