მის ორგანიზმში დაფიქსირდა ძალიან მაღალი დოზით ნარკოტიკული ნივთიერება, საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ – გომელაური ლექსო ლაშქარავაზე

“ექსპერტიზის ქიმიური დასკვნით, რომელიც არის ძალიან სწრაფი და არ სჭირდება 25 დღე, მის ორგანიზმში დაფიქსირდა ძალიან მაღალი დოზით ნარკოტიკული ნივთიერება,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა  ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტებიც არიან ჩართულები, რაც გარდაცვლილის ოჯახს თავად შესთავაზეს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა გადაჭრით თქმა, რომ სწორედ ეს ნივთიერება გახდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შს მინისტრი პასუხობს, რომ საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ.

“იცით, რომ ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ, სხვათა შორის, და ოჯახმა ჩართო. ასევე, შეთავაზებული გვაქვს, რომ ამ ექსპერტიზის შემდეგაც ჩავრთოთ უფრო მაღალკვალიფიცირებული ექსპერტები. მე, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ არ ვაყენებ ქართველ სპეციალისტებს, მაგრამ ეს იმისთვის ხდება, რომ ოჯახი დარწმუნდეს იმაში, რომ ეს მართლაც ასეა.

შევთავაზეთ, რომ ჩავატაროთ უცხოეთში, თავად მოიძიონ, აირჩიონ რომელი ქვეყანა უნდათ, ჩვენ დაველაპარაკებით და ჩავატაროთ კიდევ ერთხელ იმის დასადგენად, თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი,”-განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.