ვახტანგ გომელაური – ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია, მაგრამ იძულებული გავხდით, ხალხისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა

„ძალიან მძიმე სანახავი იყო. ასევე ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი დაკრძალვის კადრებიც“, –ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  ოპერატორ ლექსო ლაშქარავას პროზექტურაში გადასვენების კადრებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გომელაური „ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ, ხალხისთვის გამოძიების საწყის ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია მიეწოდებინათ.

„პირდაპირ გეტყვით ჩემთვის ძალიან მძიმე იყო თუნდაც იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია. მერწმუნეთ, იძულებული გავხდით, არანაირი სურვილი არ გვქონდა არც მე, არც ჩემს თანამშრომლებს, ჩემს მოადგილეებს, ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და ენახათ მის ოჯახის წევრებს, დედას, შვილს.

ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კადრების გაშვება მოგვიწია, მაგრამ საზოგადოებაშიც წამოიწია საკითხმა, რომ გაგვეცხადებინა ინფორმაცია, თუ რა მოხდა, ძალიან აიწია ტემპერატურამ და უკვე იძულებული გავხდით, გაგვეცა პასუხი, რა მოუვიდა ამ ადამიანს, რა მოხდა. მთელი გუნდი ჩართული იყო და იძულებული გავხდით, სწრაფად რაც ვიმუშავეთ, ამის შესახებ ხალხისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.