პოლიციის დანაყოფები იდგნენ, თუმცა არ იყო საკმარისი, რომ 500 კაცი შეეჩერებინათ, მინიმუმ, 1000 კაცი მაინც უნდა დაახვედრო – გომელაური 5 ივლისის მოვლენებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციას ძალადობრივი დაჯგუფებების შესაკავებლად საკმარისი რესურსი არ ჰქონდა. მისივე თქმით, „სირცხვილიას” ოფისისკენ დაძერული 500 კაცის შესაჩერებლად 1000 პოლიციელი მაინც იყო საჭირო. ამის შესახებ მან “ღამის კურიერის” ეთერში 5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა.

მოძალადე ჯგუფებს “სირცხვილიას” ოფისამდე არ მიუღწევია და სადარბაზოს ტერიტორიიდან პოლიციელებმა გაიყვანეს.

“მანდ არავინ არ იყო იქამდე და გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ მაინც ჩავატარებთ, ჩვენ აქ ვართ და ა.შ. ამან გამოიწვია ამ ადამიანების გაღიზიანება, დაიწყეს მოძრაობა პარლამენტიდან, საკმაოდ ახლოს არის, როგორც იცით. იქ პოლიციის დანაყოფები იდგნენ, თუმცა არ იყო საკმარისი, რომ 500 კაცი შეეჩერებინათ, 500 კაცს, მინიმუმ, 1000 კაცი უნდა დაახვედრო, რომ ეს ადამიანები შეაჩერო.

გარდა ამისა, ბევრჯერ გაჟღერდა, რომ “სირცხვილიას” ოფისი დაარბიეს – არ დარბეულა, არაფერი გაფუჭებულა იქ, ერთადერთი იყო სადარბაზო, სადარბაზოში ცხოვრობს 20 ოჯახი, არის ოფისები, თვითონ “სირცხვილიას” ოფისში კარებთანაც კი არავინ მოსულა, საერთოდ არაფერი დაზიანებულა. ერთი სამწუხარო თემა იყო, ლექსო ლაშქარავასთან, სადარბაზოსთან მოხდა მისი ცემის ფაქტი, როდესაც ეს ხალხი მივიდა და იძალადეს ჟურნალისტებზე, სადარბაზოს კარები შეამტვრიეს, შემდეგ პოლიცია მოვიდა და ჟურნალისტები გამოიყვანეს. ეს ხალხი გააჩერეს და გამოიყვანეს გარეთ, ისინი არ ასულან ზემოთ ოფისამდე,” -აღნიშნა შს მინისტრმა.