როდესაც ჩვენ ავტობუსში ვსხედვართ და ვინმეს პირბადე არ უკეთია, უნდა ვუთხრათ, რომ გაიკეთოს, იგივე უნდა გავაკეთოთ დახურულ სივრცეში – გამყრელიძე

რთულდება ეპიდსიტუაცია, მხოლოდ ჩვენთან არა, მთლიან მსოფლიოში, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია 2 ფაქტორთან – ეს არის ახალი შტამების წარმოქმნა და ცირკულირება და ზაფხულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქების ტენდენცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას. „დღეს 18 წელზე ზემოთ სამიზნე ჯგუფების 8%-ია აცრილი და მოსახლეობის 3,7% ორჯერადად, 18 წლის ზემოთ – 4,8%“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მონიტორირების მექანიზმები უნდა გამკაცრდეს არა ჯარიმებით, არამედ მითითებებით.

„მაგალითად, როდესაც ჩვენ ავტობუსში ვსხედვართ და ვინმეს პირბადე არ უკეთია, უნდა ვუთხრათ, რომ გაიკეთოს, იგივე უნდა გავაკეთოთ, თუ დახურულ სივრცეში არ უკეთია. დაცვის ყველაზე ძლიერი საშუალება მაინც პირბადეა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.