პროკურორების გადამზადება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ევროპის კავშირთან და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, პროკურორებისთვის სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად ყველა პროკურორი გადამზადდება. სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. მომზადებული სახელმძღვანელო გამოიცა ბეჭდური სახით, რომელიც ყველა პროკურორს ინდივიდუალურად დაურიგდება.

პროექტის მიზანი სამართლებრივი მართლწერის ერთიანი სტანდარტის დანერგვა და საპროცესო დოკუმენტების შედგენის ხარისხის ამაღლებაა. ტრენინგის ფარგლებში პროკურორები შეისწავლიან როგორც სამართლებრივი წერის ზოგად სტანდარტებს, ასევე ყველა იმ ძირითადი საპროცესო დოკუმენტის წერის სტანდარტებს, რომელთა შედგენაც უწევთ გამოძიებისა და სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე.

ტრენინგს პროკურატურაში სპეციალურად მომზადებული ტრენერები და მართლწერის თემაზე მოწვეული ექსპერტი უძღვებიან. პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად, დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. გადამზადების პროცესი უკვე დაიწყო და მომდევნო წლის განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება