ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროკავშირის და ნატო-ს, ასევე იმ ორგანიზაციების სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა, პირის დაჯარიმება „ფარისევლობა და სიყალბეა“

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება იმ ფონზე, როცა 5-6 ივლისის მოვლენებში მონაწილე მოძალადეები არ არიან დასჯილები, არის ფარისევლობა და სიყალბე. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„სანამ სახელმწიფო და მმართველი ხელისუფლება ხელს აფარებს ძალადობრივ ჯგუფებს, ხელს აფარებს ადამიანებს, ვინც პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას და მე შს მინისტრი მეუბნება, რომ ამ ადამიანზე არ აქვთ მტკიცებულებები, ამ კანონის მიღება არის ფარისევლობა და სიყალბე. მე ინტერესით მოვუსმენდი, მათ შორის უმრავლესობის წევრების დამოკიდებულებას იმ ზიზღის კამპანიაზე, ბანერებზე, რომლითაც გუშინწინ გაივსო თბილისი. სიძულვილი, ზიზღი, აგრესია, როგორც ჩანს, უმრავლესობის, მმართველი პარტიისა და კალაძის ერთადერთი შეთავაზებაა და ეს არის ყველაფერი, რომელიც ქმნის იმ ფონს, რომლითაც საზოგადოება დაიღალა. ამ კანონის მიღებას აქვს სიყალბის, ფარისევლობის ხასიათი. ამ ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება ზიზღი, აგრესია, სიძულვილი, იმიტომ, რომ ამით კვებას არ მიიღებს საზოგადოება“, – განცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.