გიორგი ვაშაძე – ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ითამაშა პრეზიდენტმა, ჩემი ინფორმაციით, მან არაერთი შეხვედრის შემდეგ უარი განცხადა პროცესში შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენებაზე

ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ამ პროცესში ითამაშა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ჩემი ინფორმაციით, არაერთი შეხვედრის შემდეგ, რომელიც მასთან იყო, მან უარი განცხადა პროცესში შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენებაზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება გვიანი არც ახლა არის.

„მესმის ძალიან ბევრი ადამიანის იმედგაცრუება, რომელიც გუშინ შეთანხმებას ელოდებოდა და პირდაპირ გეტყვით, მეც ველოდი, რომ გუშინდელ დღეს შევძლებდით შეთანხმებას, ვიქნებოდით კომპრომისულები და გარკვეულ შედეგზე გავიდოდით, სამწუხაროდ ეს არ მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ პოზიციები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა იყო საკმაოდ დესტრუქციული. როცა შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ჩვენ მას მედიაციის მანდატი გადავეცით ხუთ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ვადამდელ არჩევნებამდე მისვლის გარკვეულ გზებზე მაინც უნდა ყოფილიყო ჩანაწერი, რომელიც ნახეთ, რომ არ არის. არ არის, რადგან ამასთან დაკავშირებით დესტრუქციული პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ და მეორე იყო პოლიტპატიმრების საკითხი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ამ პროცესში ითამაშა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ჩემი ინფორმაციით, არაერთი შეხვედრის შემდეგ, რომელიც მასთან იყო, მან უარი განცხადა პროცესში შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენებაზე. თვითონ ის ფაქტი, რომ შეწყალების ინსტრუმენტი არ არის გამოყენებული და „ქართული ოცნების“ ხისტი პოზიცია რურუასთან დაკავშირებით, ცალსახად ხაზს უსვამს და მიუთითებს იმას, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე არ იღებენ ისინი ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდს პატიმრებს მძევლად ვერ დაუტოვებდა.

„ღიად მინდა ვთქვა, რომ ის არც ჩემი პირადი მეგობარია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ და ამ მოლაპარაკებებამდე ცალსახად ვაფიქსირებდით „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს პოზიციას, რომ ვერ დავუტოვებდით მძევლად „ქართულ ოცნებას“ პატიმრებს. დანარჩენ სამ პუნქტზე ჩვენ დღესაც თანახმა ვართ, რომ დღესაც ხელი მოვაწეროთ. ეს არ არის საბოლოო დოკუმენტი, რადგან არც დასავლეთი და არც მოდერაციის მხარე არ ფიქრობს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ობიექტურად ყველა მხარემ უნდა მოაწეროს ხელი, რადგან მანდატი, რომელიც მათ აქვთ არ არის ბოლომდე რეალიზებული, როგორც რიგგარეშე არჩევნებთან, ისე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. აქვე მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თვითონ მოგვმართავს ქვეტექსტებით, რომ ჩვენ თურმე კომპრომისულები უნდა ვიყოთ და სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ. რაც არჩეული ხართ ქალბატონო სალომე, პირველად მოგეცათ შესაძლებლობა კონკრეტული როლი შეასრულოთ ქვეყნის განვითარების პროცესში, ერთადერთი ფუნქცია, რაც გაქვთ მონიჭებული კონსტიტუციით, ამ ფუნქციის გამოყენებით შეგიძლიათ დაძრათ ყინულიდან მოლაპარაკებების პროცესი. არც დღეს არის გვიან“, – განაცხადა ვაშაძემ.