…მერე რა, რომ მათ არ აქვთ „მაგარი ზურგი“ და არ ჰყავთ „ფულიანი მამიკოები“…

ბლოგი

ჩრდილში დარჩენილები და რქებით გამტანები, ათასჯერ წაქცეულები და მაინც წამომდგარნი, აუხდენელი ოცნებები და მაინც ახლის ძიებით დაღლილები…

…მერე რა, რომ მათ არ აქვთ „მაგარი ზურგი“ და არ ჰყავთ „ფულიანი მამიკოები“,

…მერე რა, რომ არ აქვთ ფუფუნება ტაშის ერთი შემოკვრით გახდნენ პოპულარულები და რეალობად აქციონ ის იდეები, რაც მართლა სჭირდება საზოგადოებას;

… რამდენი ასეთი მერე რა…

…და მაინც იბრძვიან, შრომობენ, ქმნიან და მერე ისევ ყველაფერი თავიდან იწყება-ახლის ძიება, იმის დანახვა, რასაც სხვა ვერ ან უბრალოდ არ ხედავს, ისევ ცოცხლდება იმედი და მოდის ოცნება…

ასეთ ადამიანებს ბევრს ვიცნობ და ალბათ კიდევ ბევრს გავიცნობ, რადგან სწორედ ასეთები არიან უმრავლესობაში-ჩუმად რომ აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს და თუნდაც უფულოდ, თუნდაც სხვების დაუხმარებლად ქმნიან იმაზე კარგს, ვიდრემც ისინი, ფინანსებით ზურგგამაგრებულები რომ გვთავაზობენ რაღაცას, თუნდაც არაფრის მთქმელს, მაგრამ საზოგადოება იღებს როგორ ტალანტს და არ იშურებს ოვაციას…

სულ ახლახანს სოციალურ ქსელში ერთ სტატუსს წავაწყდი-ახალგაზრდა კაცი წერდა. მომეწონა და მივწერე, სახელიც კი შემეშალა…არც  ის ვიცოდი ვინ იყო. მასალამ გაამართლა, დღე არ გავა ფეისბუქ-მომხმარებელმა არ გადააზიაროს და კომენტარი არ დაუწეროს, თანადგომა არ გამოუცხადოს და მისი იდეით აღფრთოვანებული არ დარჩეს…რა თქმა უნდა მხოლოდ „ლაიქებით“…

მერე აღმოჩნდა, რომ ის რეჟისორი დინო გეთიაშვილი ყოფილა. დინო სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც  ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს,  იბრძვის, შრომობს, ქმნის…და მაინც ჩრდილშია, მაინც უხდება ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის…

არა, დღეს მის შემოქმედებაზე არაფერს ვიტყვი, დღეს მინდა ამ ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ნაფიქრალი გაგაცნოთ, უფრო სწორად მე კი არა, თავად მისმა რამდენიმე ჩანაწერმა გაგაცნოთ.

***

თვალებს ძლივს ახელთ და სამსახურს მიგეჩქარებათ
ამ დროს სულმუდამ
სისხამ დილით ნანას მიმღერენ ჩიტუნიები
და განსხვავებას თუ ვერ ხედავთ ჩემს და თქვენს შორის
მაშინ ჩემსავით არასოდეს არ გიცხოვრიათ

***

მე არ ვამბობ პოეტი ვარ!
ლექსებს ვწერ…
უდიპლომო
რეჟისორიც გახლავართ.
მე მუსიკაც,
სიგიჟემდე მომწონს ჩემში
და არ ვიცი მე ნოტების დაწერა.
ჩანახატებს გავაკეთებ უეცრად
გადავაგდებ,
ვიტყვი ნეტა რად ვარგა.
ეს სამყარო,
მსურს დავხატო მშვენიერი,
მაგრამ რა ვქნა?
ფუნჯი არ მმორჩილდება.
როცა ვმღერი,
ყელში ბუშტი მეჩრება.
თქმა, რომ მინდა,
პირი უმალ მევსება.
მუზა მოდის,
წერაც აღარ მინდება.

“ხელოვნება ჩემში ვპოვე ულევი
ამქვეყანას გავეჩხირე ყელში უშნოდ”.

***

ცეცხლში დავდივარ და მწუხარება მე გულს მიდაგავს
შიშველ ფეხებზე ალ მოდებული მუგზალი მშანთავს
წინ მოსჩანს მდელო ყვავილნარის ტალღები ღელავს
ვიცი, რომ გავალ,,, იქ ზეციდან ქარი მოქროლავს
ჩვილი ბავშვივით ამიტაცებს, ტკივილს დამალავს
და იავნანით წამიყვანს მაღლა, დავტოვებ საფლავს.

გადმომახედებს ღრმად მოხუცებულს მაღლიდან დაბლად
მე დავინახავ ჩემს განვლილ ბილიკს, დაღვენთილს სანთლად
იმ ნაცეცხლურზე, აყვავებულა ბუჩქები ვარდად
გამიხარდება, რომ წარსული არ დამრჩა დარდად

***

მინდა ერთ დღესაც ტელეფონის ზარმა გამომაღვიძოს და ასისტენტმა მითხრას, რომ მთელი გადამღები ჯგუფი თქვენ გელოდებათ და გადასაღები მოედანი მზად არის. ეს დღე მინდა, რომ მალე გათენდეს. მინდა ჩემი საყვარელი საქმით დავიღალო.

იქამდე კი სანამ ეს დღე დადგება, მაინც ქმნის და შრომობს. აი, ყაზბეგიც-დინოს თვალით დანახული…

ისე, რამდენი ახალგაზრდაა, რომელიც მართლა ღირსია იცნობდეს საზოგადოება, ჰქონდეს იდეების რეალიზების საშუალება, მაგრამ…

…მაგრამ არის იმედი – „სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს…“

 

კომენტარის დატოვება