რიკ დემსი – შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ შარლ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაში

„გენდერული თანასწორობის საკითხზე, მოვუწოდებ ოპოზიციას და მთავრობას, უპასუხონ ამ საკითხს ერთად, რადგან გენდერული თანასწორობა ასამბლეაში ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ საქართველო არის პანევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრობის გზაზე. ერთია ევროკავშირი, უფრო დიდი ევროპა, ასამბლეა, რომელსაც მე წარმოვადგენ, მაგრამ ჩვენ ყველანი ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს“, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა განაცხადა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, მისთვის ნათელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს.

„გაქვთ გარკვეული ხარვეზებიც, როგორც ბევრ სხვა ქვეყანას. ამაში უჩვეულო არაფერია. ასე რომ, ნუ გააზვიადებთ, თითქოს ეს უჩვეულოა. ეს ნორმალურია, მაგრამ მარტივი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ხართ პანევროპული საზოგადოების სრულფასოვანი წევრობის გზაზე. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ. მე მხარს ვუჭერ შარლ მიშელის შეთანხმებას, რადგან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად, რათა პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ“, – აღნიშნა რიკ დემსმა.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება პრაქტიკაში განხორციელდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება (შარლ მიშელის) პრაქტიკაში განხორციელდეს, გადადების გარეშე. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რიკ დემსმა.