“მალე ქართველები სტუმრებად გადავიქცევით საკუთარ სამშობლოში”!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

-“1. არსებულმა ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა ჩაწეროს, რომ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები, ტყის მასივები, მინერალური და მტკნარი წყლები, მდინარეები, ტბები და სხვა ბუნებრივი წიაღისეული უცხოელებზე, ანუ საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე არ იყიდება! უცხოელი ინვესტორებისათვის, დასაშვებია მხოლოდ მათი მრავალწლიანი იჯარით აღება (5, 10, 25, 50 წლით.)!

2. რაც შეეხება, საქართველოში ბინადრობის უფლების და მოქალაქეობის მინიჭების წესს და კანონს, იგი რადიკალურად უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს! კერძოდ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებაზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა უცხოელმა, რომელმაც 35 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კერძო საკუთრება შეიძინა საქართველოში, მაგალითად, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი. ასევე, არაგონივრულად გამარტივებულია და საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გრძელვადიანი ინტერესებისათვის მიუღებელი და საშიშია მოქმედი საკანონმდებლო ნორმატივები, რომლებიც უცხოელებს უადვილებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურას. საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისათვის, ეს გახლავთ ყოვლად დაუშვებელი და დამღუპველი, რადგანაც ე.წ. ლიბერალურ-სამართლებრივი ნორმები, ქართველებს, როგორც მკვიდრ ხალხს სტუმრებად და მომსახურე პერსონალად გვაქცევს საკუთარ სამშობლოში!

3. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის უნივერსალური ნორმების და პრაქტიკის გათვალისწინებით, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს უცხოელებისათვის საქართველოში ბინადრობის უფლების და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების კანონმდებლობა, ყველანაირი სამართლებრივი ნორმები და პროცედურები!