“ნაციონალური მოძრაობა” მე-6 კლასის ასაკის მოსწავლეებისთვის ვაუჩერის გამოყოფას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, სოციალურად დაუცველ და წელიწადში 40 ათასზე ნაკლები შემოსავლის  მქონე  ოჯახებს, ვისაც ყავთ მე-6 კლასელი და უმცროსი ასაკის  შვილი სახელოვნებო და სპორტული ვაუჩერი გადასცეს თბილისის ხელისუფლებამ, მოსახლეობა სიხარულით შეხვდა,  ნაწილმა კი აღნიშნულ გამოსვლას დაგვიანებული უწოდა.

ქალბატონი ლალი წ.  ენთუზიაზმით შეხვდა ნაციონალების ინიციატივას და მისასალმებელი უწოდა. პატარა ასაკის შვილების დედა, ქალბატონი ლალი აღნიშნავს, რომ თუ თბილისის მთავრობა ყურად იღებს  ყოფილი ხელისუფლების  რჩევას და ნაკლებად შეძლებული ოჯახების მოსწავლეებზე ვაუჩერს გამოყოფს, შეძლებს შვილების ყველა იმ წრეზე მიიყვანს, რომელზეც უკვე წლებია ეხვეწებიან.   “ჩემს ერთ შვილს ძალიან უნდა ცურვაზე სიარული,  მაგრამ  ისეთი მაღალი გადასახადია, ერთი თვის აბონიმენტის თანხით შეიძლება ერთი თვით ოჯახიც კი  ვარჩინო. მეორე ხატვის წრეზე მიყვანას მეხვეწება, მესამე კალათბურთის.  ესენი რომ ყველა წრეებზე ვატარო, მშივრები უნდა მყავდნენ, არადა მე და ჩემი მეუღლე, მიუხედავად იმისა დღე და ღამე მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ,  ოჯახის გამოკვებას ძლივს ვახერხებთ,  არათუ შვილების წრეებზე ტარებას. კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ”- თვალზე ცრემლს იმშრალებს ჩვენი რესპოდენტი.

თბილისის მაცხოვრებელი, სამი შვილის დედა  სალომე მ. აღნიშნავს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დააგვიანდათ ხალხზე მზრუნველი ხელისუფლების როლში ყოფნა და ახლა პოპულისტური განცხადებების გაკეთება მხოლოდ გამაღიზიანებლად  მოქმედებს საზოგადოებაზე.

“როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, სწორედ მაგ დროს მყავდა შვილები მე-6 კლასამდე ასაკის და სწორედ ასტრონომიული გადასახადების  გამო ვერ ვატარე ვერც ხელოვნების და ვერც სპორტულ წრეებზე. არადა ბიჭი მეხვეწებოდა ფეხბურთზე მიმეყვანა. მაშინ თვეში 60 ლარი იყო გადასახადი. ვერც გოგონა მივიყვანე ქართული ცეკვის წრეზე, რადგან იქაც, გადასახადთან ერთად ფორმის თანხაც იყო საჭირო. ეხლანდელი მათი გამოსვლა და ხალხზე მზრუნველი იარლიყის მორგება სასაცილოა” -აღნიშნავს ქალბატონი.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ თბილისის პროგრამის სამუშაო ვერსიაში ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვით სოციალურად დაუცველი და წელიწადში 40 ათასი ლარის შემოსავლის არმქონე ოჯახის შვილებს უნდა გადაეცეთ სახელოვნებო და სპორტული ვაუჩერები. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არსებული ინიციატივა ხელს შეუწყობს  ფინანსური კრიზისის მქონე ოჯახის შვილებს საკუთარი ნიჭის რეალიზაცია მოახდინონ.  როგორც ვაშაძე აცხადებს, ამ ინიციატივაზე  17 ათასი მოსწავლისთვის თბილისის ბიუჯეტიდან  მთავრობას  20 მილიონის ლარის გამოყოფა მოუწევს.