ჩვენ გვაქვს პატივი და ამ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა ბრიფინგი გამართა

ხვალიდან თბილისში იწყება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, პროგრესის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ასევე აღიარება იმ დამოკიდებულებების, რაც ნატოს საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა ბრიფინგზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, 2002 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.

ნატოს ისტორიაში, მხოლოდ ოთხჯერ, ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და 2002 წლის შემდგომ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. დღეს, ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართება და უკვე ხვალიდან ეს ცენტრი გადმოინაცვლებს თბილისში. ეს არის მართლაც ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამ დღეს დიდი სიხარულით ვხვდებით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ნატოს საპარლამენტო დღეები, ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.

ხვალ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 99 წლის იუბილე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და 26 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და ეს დღე ემთხვევა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ტარდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი წარადგინოს თავისი ქვეყანა ძალიან ფართო ასპარეზზე“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული.

როგორც წესი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე არ იღებს რეზოლუციას ან დეკლარაციას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პატივი და ამ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო სესიაზე საქართველოს 600-მდე დელეგატი ეწვევა. მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატები, ასევე, 20 არაწევრი, ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები. საპარლამენტო ასოციაციის სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ნატოს წევრი ქვეყნების დეპუტატები ეწვევიან ოკუპირებულ ზოლს და გაეცნობიან ყველა იმ მიღწევებს და წარმატებებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს.