„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ იმ ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა, სადაც სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძისა და ბერა ივანიშვილის საუბარია ჩაწერილი.

როგორც „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურატურა ტელეკომპანიისგან კონვერტისა და ელექტრონული მატარებლის წარდგენას ითხოვს, რომლის საშუალებითაც ფაილები მათი თქმით, ტელეკომპანიას მიაწოდეს.

„დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება- ამოღება, კერძოდ, ამოღებულ იქნეს: 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული, კონფიცენციალური წყაროს მიერ „ტვ პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები; 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „ტვ პირველისთვის“ გადაცემული( გაგზავნილი) კონვერტი (ან/და სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ძალა“,- ნათქვამია მოსამართლის განჩინებაში, რომელიც „ტვ პირველმა“ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.