„ტვ პირველის“ დამფუძნებელი: მინდა მივმართო ხელისუფლებას –  გამორიცხულია თქვენ „ტელეკომპანია პირველი“  ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს, გამორიცხულია კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ გამორიცხულია  ტელეკომპანიამ არ იმაუწყებლოს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგის დროს  განაცხადა.

„ჩემი გადმოსახედიდან ირაკლი ღარიბაშვილი არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. ასევე, არ ვფიქრობ, რომ მურუსიძის სასამართლოს რამე უნდა ვუთხრა.

მე ვფიქრობ ,რომ დღეს ხელისუფლება ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან გავიდა და დღეს, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება  – შეუძლია იძულებით შემოვიდეს „ტვ პირველში“ და ამოიღოს რაღაც მითიური ხელსაწყო.

მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას: გამორიცხულია თქვენ „ტელეკომპანია პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს. მოგმართავთ, რომ გამორიცხულია კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში.

ასევე მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს – ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და ველოდები თქვეგან სწრაფ რეაქციას, რადგან სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროპურატურას შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით „ტელეკომპანია პირველში“ . ეს არის დღეს ხელისუფლების დღის წესრიგი,“ – განაცხადა ვატო წერეთელმა.

ცნობისთვის, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

პროკურატურის მოგვიანებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება“.