ამირან გამყრელიძე – სკოლის მასწავლებელთა, მანდატურებისა და დამხმარე პერსონალის 60-70% აცრილი უნდა იყოს – ოქტომბრის შემდეგ შეიძლება სხვა რესპირაციული ვირუსიც იყოს, ამიტომ ეს 3 თვე კრიტიკულია

ჩვენი სლოგანია „უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები“. ეს ნიშნავს, რომ სკოლის მასწავლებელთა და არამარტო მასწავლებელთა, მანდატურების, დამხმარე პერსონალის, ვინც სკოლებში არიან, 60-70% აუცილებლად აცრილი უნდა იყოს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლებთან ერთად ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს უნივერსიტეტებშიც, სადაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა 60-70% უნდა აიცრას.

„იქნებ ამ კუთხით გარკვეული მარათონი გააკეთოთ, ჩავერთვებით ჩვენც, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენთან 64%-მდე არის აცრილი. მე არავის ვავალებ, ამის უფლება არ მაქვს, მე მხოლოდ მოვუწოდებ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, თუ აგვისტოში საქართველოში მილიონი ვაქცინა გაკეთდება, შესაძლებელი იქნება, რომ 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად, უსაფრთხო სკოლებში განახლდეს. მან ასევე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, ვაქცინაცია მათი სტუდენტებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

„სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩემი ალმა მატერია და მიხარია, რომ ამ ინიციატივით გამოვიდნენ. მათ მაგალითი მისცეს სხვა უნივერსიტეტებს, რომ ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს. იქ ვინც იზრდებიან, ჩემი მომავალი კოლეგები არიან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ უნდა ავიცრათ. ვიცი, რომ იქ ბევრი წინააღმდეგობა იყო ამასთან დაკავშირებით და მათი მოწოდება არის ძალიან ღირებული და ღირსეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით ოქტომბრის შემდეგ შეიძლება სხვა რესპირაციული ვირუსიც იყოს, ამიტომ ეს 3 თვე კრიტიკულია.

,,დილის მონაცემებით ქვეყანაში ჩატარებულია 450 ათასი აცრა და აქედან 149 ათასი ადამიანი არის ორჯერადად, ანუ სრულად აცრილი, ერთხელ აცრილია 300 ათასზე მეტი ადამიანი. ბოლო დღეების განმავლობაში საშულო დღიური აცრის მაჩვნებელი გვაქვს დაახლოებით 15 000-მდე, რაც კარგია, მაგრამ არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ აგვისტოს განმავლობაში საშუალოდ 20-25 ათასი აცრა გვქონდეს. ყველა ერთად როგორმე უნდა შევეცადოთ, რომ სამი თვე – აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი გვქონდეს მაქსიმალური აცრების მაჩვენებელი. ჩვენ დავყავით სამ სამიზნედ, საუკეთესეო იქნება და იდეალური თუ ჩვენ ყველა ერთად მილიონ აცრას გავაკეთებთ თითო თვეში, ანუ 3 მილიონს სამ თვეში – შევაკავებთ სრულად და გადავლახავთ სრულად ამ პანდემიის ყველა მაჩვენებელს, შემდეგი სამიზნე გვაქვს 800 ათასი აცრა ყოველ თვეში, ეს ძალიან კარგი იქნება და მესამე სამიზნე შედარებით მოკრძალებული, მაგრამ თუ ამ მოკრძალებულსაც გავაკეთებთ, დამერწმუნეთ, რომ სერიოზულ შედეგებს მივიღებთ – ეს გახლავთ 600 ათასი აცრა ყოველთვიურად. მოგეხსენებათ, ოქტომბრის შემდეგ შეიძლება იყოს სხვა რესპირაციული ვირუსიც, ამიტომ ეს სამი თვე არის კრიტიკული თუ ჩვენ გვინდა, რომ დავამარცხოთ ეპიდემია ქვეყანაში. დღეს, 161 დაწესებულება აწარმოებს აცრებს და არის 380 ამცრელი ბრიგადა და გუშინ, დაემატა კიდევ 28 ამცრელი ბრიგადა „ფაიზერზე“. ხვალ „ფაიზერის“ სერიოზული დოზა შემოდის, ანუ არის საშუალება, რომ ავიცრათ. დღეს ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონამდე დოზაა სხვადასხვა ვაქცინის,” – განაცხადა გამყრელიძემ.