თამარ გაბუნია – მოსახლეობაში შეიქმნა მოლოდინი, რომ პრეპარატი ტოცილიზუმაბი უნდა დაენიშნოს ყველა მძიმე პაციენტს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პრეპარატ ტოცილიზუმაბს კლინიკები თავად ყიდულობენ და  კონკრეტული ჩვენება თუ არ არსებობს, სამედიცინო დაწესებულება ამ მედიკამენტს არ გამოიყენებს.

მისივე თქმით, ყველა პაციენტი, რომელთან დაკავშირებითაც კლინიკა ჩათვლის მიზანშეწონილად ტოცილიზუმაბის გაკეთებას, მიიღებს ამ მედიკამენტს შეფერხების გარეშე.

„ტოცილიზუმაბი, ისევე როგორც სხვა მედიკამენტები, ინიშნება კონკრეტული ჩვენებით. ჩვენი გაიდლაინის თანახმად, ტოცილიზუმაბის გამოყენება გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ გასული წლის მარტიდან, როდესაც მძიმე შემთხვევების მართვა დავიწყეთ. კონკრეტული ჩვენება თუ არ არსებობს, სამედიცინო დაწესებულება ამ მედიკამენტს არ გამოიყენებს. ტელევიზიით ამ მედიკამენტზე ამდენმა საუბარმა გამოიწვია ის, რომ მოსახლეობაში შეიქმნა მოლოდინი, რომ ტოცილიზუმაბი უნდა დაენიშნოს უკლებლივ ყველა მძიმე პაციენტს. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება და მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის გადაწყვეტილება. მედიკამენტის მობილიზება კლინიკას ძალიან მალე შეუძლია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტის.

სამინისტროსგან არცერთი მედიკამენტი, რემდესივირის გარდა, კლინიკებს არ მიეწოდება. ისინი თავად იძენენ მედიკამენტს. ყველა პაციენტი, რომელთან დაკავშირებითაც კლინიკა ჩათვლის მიზანშეწონილად ტოცილიზუმაბის გაკეთებას, მიიღებს ამ მედიკამენტს შეფერხების გარეშე, თუმცა ეს არაა მედიკამენტი, რომელიც შეიძლება მარტივად გამოვიყენოთ ყველა შემთხვევაში“,- განაცხადა გაბუნიამ.