სუს-ი: აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რითიც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას ეხმიანება.

უწყება უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თითქოსდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.

აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს.

სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და   პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიედ, ხდებიან ამ პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის  საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციისა და სამართლის ნორმების სრული დაცვით, ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას და სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია.

სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოერბრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედება ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და მოქალაქეების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება,”-ნათქვანია განცხადებაში.