IRI: გამოკითხულთა 41 პროცენტი 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას ეთანხმება“

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით  ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებას ეთანხმება.

კითხვაზე: ეთანხმებით თუ არა ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხების ხელმოწერასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 41 %-მა უპასუხა, რომ „ნამდვილად ეთანხმება“, 36% – „ნაწილობრივ ეთანხმება“, 12 % – „ნაწილობრივ არ ეთანხმება“, 6% – „არ ეთანხმება“ და 6%-მა არ იცის/ არ აქვს პასუხი აღნიშნულ შეკითხვაზე.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.