პოლიტიკა

IRI: მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას “ოცნებას“, 14% “ნაცმოძრაობას“, 9% კი გახარიას პარტიას მისცემდა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: “შრომის პარტია – შალვა ნათელაშვილი” -3%; “გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე” – 2%; “სტრატეგია აღმაშენებელი” – გიორგი ვაშაძე – 2%; “ლელო – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე” – 2%, “პატრიოტთა ალიანსი” – 2%; “მოქალაქეები” – 2%; “ერი- ლევან ვასაძე” – 1%; “ევროპული საქართველო – გიგა ბოკერია” – 1%; “ხალხისთვის – ანა დოლიძე” – 1%; “დროა” – ელენე ხოშტარია 1 %; “გირჩი” – 1%; სხვა პარტიები – 1%. პასუხი “არ ვიცი” აირჩია – 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.