ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვერ შევალთ რაღაც ბავშვურ თამაშებში, დოკუმენტი არის ანულირებული და ეს არის მყარი გადაწყვეტილება

რეალურად თქვენ იცით, რა იყო ანულირების მიზეზი, მიზეზი იყო ის, რომ 100 დღის განმავლობაში ოთხი ბარიერგადალახული პარტია ხელს არ აწერდა ამ დოკუმენტს და ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი ხელს არ აწერდა მას. აქედან გამომდინარე ალტერნატივა არ ჰქონდა ჩვენს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მმართველი გუნდი მაინც იმოქმედებს თუმცა, მომავალში შარლ მიშელის დოკუმენტის მსგავს შეთანხმებაზე ხელმოწერას “ქართული ოცნება” აღარ აპირებს.

„რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტში ნახსენები რეფორმების გაგრძელებას, იგივე სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, გაგრძელდება ყველაფერზე მსჯელობა, ყველაფრის განხილვა, მაგრამ რაც შეეხება დოკუმენტზე მიბრუნებას, ეს არის, რა თქმა უნდა, გამორიცხული, ჩვენ ვერ შევალთ რაღაც ბავშვურ თამაშებში, დოკუმენტი არის ანულირებული და ეს არის მყარი გადაწყვეტილება, უფრო მეტიც, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არათუ ამ დოკუმენტს არ მივუბრუნდებით, არამედ მომავალშიც გამოვრიცხავთ მსგავსი ტიპის დოკუმენტის ხელმოწერას, რომელიც თუნდაც დროებით ითვალისწინებს კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს დღეებში დიპლომატიურ კორპუსს მმართველი გუნდიც შეხვდება, თუმცა კონკრეტულად ვინ, ჯერ დაზუსტებული არ არის.

„სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ გაიმართება ჩვენი წარმომადგენლების შეხვედრაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან. დეტალები დაზუსტდება და გვეცოდინება უახლოეს პერიოდში“, – აღნიშნა კობახიძემ.