ხშირად იმდენად მიკერძოებულია კვლევები, შეგიძლია გამოიცნო, რომელი პარტიის დაკვეთითაა ესა თუ ის კვლევა – ვახტანგ მეგრელიშვილი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობებს ასახავს, „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმაურება.

მეგრელიშვილის განცხადებით, მსგავსი კვლევები, ხშირად მიკერძოებულია და კონკრეტული პარტიების დაკვეთას ასრულებს.

„ხშირად, იმდენად მიკერძოებულია კვლევები, შეგიძლია გამოიცნო, რომელი პარტიის დაკვეთითაა ესა თუ ის კვლევა გაკეთებული. შარშან ამ დროს “გირჩი” საერთოდ არ იყო IRI-ს კვლევაში, 0% ამოდიოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ რაღაც შედეგი მივიღეთ. წელს, მიუხედავად გაყოფისა, 2 “გირჩი” რომ ამოდის კვლევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.

მე არასდროს მქონდა წარმოდგენა გახარიაზე, როგორც ოპოზიციურსა და მებრძოლზე. შესაბამისად, “ქართული ოცნებისა” და გახარიას ჯამური რეიტინგი, ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვნად აღემატება ოპოზიციის სურვილს,”- აცხადებს მეგრელიშვილი.