დღეისთვის ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა შედარებით მცირეა – რაც პრობლემას არ ქმნის ჯერჯერობით, ეს არის კრიტიკული მედიცინისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატები – ივანე ჩხაიძე

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღეს ქვეყანაში კიდევ, დამატებით გამოვყოთ საწოლების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს, თუმცა, ეს რესურსი უსასრულო არ არის, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა შედარებით მცირეა.

„4 827 შემთხვევა მართლაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. პრაქტიკულად, დავუბრუნდით 2020 წლის დეკემბრის დასაწყისის ციფრებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 4-5 ათასი ინფიცირებული და 5 დეკემბერს იყო 5 450 შემთხვევა, რაც საქართველოს პანდემიის ისტორიაში ყველაზე მაღალი ციფრია, თუმცა ახლანდელი 4 827 შემთხვევა სხვა კონტექსტშიც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არა მხოლოდ მაღალი რაოდენობა გვაქვს ერთი დღის განმავლობაში ინფიცირებული რაოდენობის, ასევე ე.წ. აქტიური შემთხვევების მაღალი რაოდენობა გვაქვს.

აქტიური შემთხვევების უკან დგას აუცილებლობა ამ ადამიანების სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სამედიცინო სექტორზე დატვირთვა ასეთი მაღალი რაოდენობის აქტიური შემთხვევების პირობებში ძალიან გაზრდილია და აუცილებლობა იმისა, რომ პაციენტების გარკვეული რაოდენობა ასეთი ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე მოხვდეს სტაციონარებში.

შესაძლოა მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში ასეთი მაღალი ციფრების შემთხვევაში უკვე პრობლემური გახდეს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღეს ქვეყანაში კიდევ დამატებით გამოვყოთ საწოლების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს, თუმცა, ეს რესურსი უსასრულო არ არის. დღეისთვის ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა შედარებით მცირეა, წინა დღეეებს თუ შევადარებთ და არ აღემატება 700-ს, ერთი, რაც პრობლემას არ ქმნის ჯერჯერობით, ეს არის კრიტიკული მედიცინისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატები“, – განაცხადა ჩხაიძემ.