პრემიერი: ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რაც სამწუხარო კი არა, ამაზრზენი ფაქტია

გავრცელებული ინფორმაციით, შარშან საგარეჯოში და მანავში ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე გაირკვა, ამ ინფორმაციამ, პრემიერის ყურამდეც მიაღწია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, საუბარია 50-ზე მეტ მევენახეზე, რამოდენიმე სოფლიდან, თანხა კი დაახლოებით 200 ათას ლარზე მეტია.

“საბოლოო ჯამში იყო გამოძიება.შესაბამისად, არ გააჩნია ამ კომპანიას ის აქტივები, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ადამიანებს. მაქსიმალურად ვეცდებით, რაღაცა გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ მინიმალური იყოს ის ზარალი, რაზეც დღეს არის საუბარი. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია”-აღნიშნა ოთარ დანელიამ. პრემიერმა კი აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო კი არა, ამაზრზენი ფაქტია.

-„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოსა და მანავში, რამდენადაც ვიცი, შარშან ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა, ყოველ შემთხვევაში არ არის მისული ადრესატამდე. მინდოდა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრისთვის მეთხოვა, მაქსიმალურად მოვიკვლიოთ, თუ საჭირო იქნება, ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები. როდესაც სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, რათა დავასუფსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით. ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიოთ ეს საკითხი. თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ჩართულობა, არის განხილვადი. სამწუხარო არა, ამაზრზენი ფაქტია. ეს არის იმ ადამიანების ფულის მითვისება, ვინც ფაქტობრივად ამაზეა დამოკიდებული შემდეგ მთელი წელი. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მოკლე დროში მოხდეს ამ საკითხის განხილვა“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ იყოს გამოძიებული.

 

კომენტარის დატოვება