რატი ბრეგაძე: დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მნიშვნელობაზე დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, 10-წლიანი სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დასაქმებულ პატიმართა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და საკუთარი შრომით შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. დამსაქმებლისათვის კი მომზადდება კვალიფიციური კადრები.

,,ამისათვის ჩვენ განვახორციელებთ მიზნობრივ პროგრამებს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და კერძო სექტორთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით დასაქმებულ პატიმართა რაოდენობა მინიმუმ სამჯერ გაიზრდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროექტებს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს. ერთი წლის განმავლობაში ცენტრმა 283 მსჯავრდებული გადაამზადა. მათგან 70 უკვე დასაქმებულია.