ნიკა სიმონიშვილი მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებაზე – ეს არის წაქეზება დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ და დაუსჯელი დარჩნენ

ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი, რომ საჩვენებლად ჩაესვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ძალიან მალევე გათავისუფლებულიყო, – ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საპატიმროდან გათავისუფლებას.

მისივე განცხადებით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია არ დაინტერესებულა ლუკა სირაძის ოჯახის პოზიციით და ყველა სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული სრულყოფილად არ იყო გამოძიებული.

„ჩვენ ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ლუკა სირაძის საქმეზე მოხდა. ეს არის პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩვენ მიმართ ჩაიდინონ და დაუსჯელები დარჩნენ. ამ საქმეში ბევრი უსამართლობა ვნახეთ, რომელიც შეეხო ლუკა სირაძეს, სახელმწიფომ ერთადერთ ადამიანზე გადატეხა ჯოხი და დააკავეს მხოლოდ მარიანა ჩოლოიანი, სხვა ნაწილთან მიმართებით გამოძიება უბრალოდ არაეფექტური იყო. ერთადერთი ადამიანიც, რომელიც იყო დაკავებული პირველივე შესაძლებლობისთანავე გაათავისუფლეს. მას მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაზეც ვფიქრობდით, რომ არ იყო სამართლიანი და სათანადო სასჯელი. აღნიშნული განაჩენი იყო გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვადამდე გათავისუფლებულიყო ეს ადამიანი.

კომისია არ დაინტერესებულა ლუკა სირაძის ოჯახის პოზიციით, რაც ერთადერთ რაღაცაზე მიგვანიშნებს, რომ არ იყო სრულყოფილად გამოძიებული ყველა სამართალდამცველის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი გამოძიება და სასამართლო. სასამართლო არის პირდაპირ ლოიალური ხელისუფლებასთან, უბრალოდ ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი იმისათვის, რომ საჩვენებლად ჩაესვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ძალიან მალევე გათავისუფლებულიყო. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება და ქმედება ხელისუფლების მხრიდან ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ჩოლოიანის საკითხზე ვადაზე ადრე გათავისუფლების („უდო“) კომისიამ იმსჯელა. დაკავებული გამომძიებელი გუშინ გათავისუფლდა.