გიორგი გახარია – „ოცნება“ პარტიული „ბოსების“ მართვის შედეგად იგივე მეთოდებს იყენებს, რაც 2012 წლამდე იყო – აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ ხალხს, ეს ამორალურია

რიგით საჯარო მოხელეებს, სოფლის ექიმს, მეხანძრეს და უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ, იმის გამო, რომ „ფეისბუქზე“ სიმპათია გამოხატეს, მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან მათი, ან მათი ოჯახის წევრების გაგდებით – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ე.წ. ფარულ მიყურადებაზე და თვალთვალზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნა იურისტების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ყველა შემთხვევას განიხილავენ.

,,ეს უბრალოდ შიშია. ისეთ დონემდე მიდიან, რომ რიგით საჯარო მოხელეებს, სოფლის ექიმს, მეხანძრეს და უბრალო ადამიანებს, რომლებსაც მინიმალური ხელფასი აქვთ, იმის გამო, რომ „ფეისბუქზე“ სიმპათია გამოხატეს, მიდიან და ემუქრებიან სამსახურიდან მათი, ან მათი ოჯახის წევრების გაგდებით. ეს ამორალურია და არანაირი კავშირი ღირსებასთან არ აქვს. „ოცნება“ რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის და ღირსების აღდგენის მოდულით, დღეს იძულებულია და იმ მდგომარეობაშია, ამ პარტიული „ბოსების“ მართვის შედეგად, რომ იგივე ინსტრუმენტები და მეთოდები გამოიყენოს, რაც მანამდე იყო. ხშირ შემთხვევაში აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ იმავე ხალხს, ვისაც ამას უკეთებდნენ 2012 წლამდეც. ჩვენ შევქმენით იურისტების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ყველა შემთხვევას განიხილავენ და გვაქვს იმედი, რომ სასამართლო სისტემა ადეკვატურად უპასუხებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსო საქციელებს და თუ დაგვჭირდა საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც მივიპყრობთ. სახელმწიფო იყენებს სახელმწიფო ინსტრუმენტებს, განსაკუთრებით რეგიონში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასადგენად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.