ამირან გამყრელიძე: გამოვალთ ინიციატივით, რომ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80% ორჯერადად აცრილია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ გამოვა ინიციატივით, რომ იმ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სურვილია, რომ საქართველოში მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები გატარდეს.

„ძალიან გვინდა, რომ იყოს ასეთი წამახალისებლები. კარგი იქნება, კოვიდისგან უსაფრთხო დაწესებულება, სადაც იქ დასაქმებული ადამიანების 70-80% იქნება ორჯერადად აცრილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ წინადადებას კიდევ ერთხელ დააყენებს“, – აღნიშნავს გამყრელიძე.