არსებობს ჰუმანიტარული კატასტროფის რისკი – ახლა ქვეყანაში არის აქტიური შემთხვევების უპრეცენდენტო რაოდენობა – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანაში არსებობს ჰუმანიტარული კატასტროფის რისკი და საჭიროა გამკაცრდეს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები – ამის შესახებ მან ,,რუსთავი 2″- ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

,,არსებობს ჰუმანიტარული კატასტროფის რისკი. არც ერთ ქვეყანას, რაც არ უნდა მაღალგანვითარებული იყოს არ აქვს ულიმიტო შესაძლებლობები ჯანდაცვის სექტორიში. სად გადის ჩვენი ზღვარი, არ არის რთულად გამოსაცნობი. ახლა ქვეყანაში არის აქტიური შემთხვევების უპრეცენდენტო რაოდენობა, ეს არის 37 000. მათგან 6000 ადამიანი იმყოფება კლინიკაში.

საჭიროა, რომ გამკაცრდეს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები და სერიოზული განსჯის საკითხი იყოს ადამიანის კლინიკაში მოთავსება. საჭიროა გამოვათავისუფლოთ საწოლები. აქტიური შემთხვევბის და ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობის პროპორცია ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი.

მესმის, რომ ყველა ცდილობს თუ ვინმე მისი ახლობელი რაიმე დაავადების მატარებელია, მოახვედროს კლინიკაში, მაგრამ კოვიდსასტუმროები არის ამისთვის ერთ-ერთი გამოსავალი. თუ ეს საკითხები ასე არ დალაგდა, რა თქმა უნდა ჰოსპიტალური სექტორის ლიმიტი ამოწურული იქნება,” – განაცხადა კულუმბეგოვმა.