გრიგოლ გეგელია – „ქართული ოცნება” კრემლის იდეური მოკავშირეა

“ქართული ოცნების” პოლიტიკა ხელს უწყობს საქართველოს პრორუსულ გუბერნიად ჩამოყალიბებას. მმართველი გუნდი კრემლის იდეური მოკავშირეა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიშელის ხელშეკრულების დატოვება, კრიტიკულ დემოკრატიულ რეფორმებზე და განვითარებაზე უარის თქმა რუსეთის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯებია.

„რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადება რუსული პროვოკაციული ტრადიციის თვალსაჩინო გაგრძელებაა. მას მერე, რაც ქართული ხელისუფლების უუნარობის გამოყენებით რუსეთმა საქართველოში კრემლის “აქტიური ღონისძიებების” მთელი სერია გაატარა, შექმნა ქაოსი და კრიზისი, ახლა ის უცებ მოგვევლინა სტაბილიზატორის როლში. ქართველთმოძულე იმპერიული ძალა, რომელიც საქართველოს სუვერენულობას ყოველდღე არღვევს, რომელსაც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ორი ე. წ.საელჩო აქვს და მასობრივ პასპორტიზაციას ეწევა, დღეს ღობეების შეკეთებასა და კეთილმეზობლობაზე გვესაუბრება.

უნდა გვესმოდეს, რომ ამგვარი უაღრესად ცინიკური დამოკიდებულება სწორედ “ქართული ოცნების” მიერ წარმოებულმა უუნარო და კაპიტულანტურმა საგარეო პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი. “ქართული ოცნების” პოლიტიკა ხელს უწყობს საქართველოს პრორუსულ გუბერნიად ჩამოყალიბებას. მიშელის ხელშეკრულების დატოვება, კრიტიკულ დემოკრატიულ რეფორმებზე და განვითარებაზე უარის თქმა, პლურალიზმსა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა, დაუსჯელობის სინდრომი, ანაკლიის პორტის ჩაძირვა, ყოველივე ეს სწორედ რუსეთის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯებია. ამიტომ, ბუნებრივია, რუსეთიც არ აყონებს და არჩევნებამდე ორი თვით ადრე სრულიად ღია განაცხადს აკეთებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მისი პირდაპირი იდეური მოკავშირეა, ვისი ხელისუფლებაში შენარჩუნებაც კრემლის პრიორიტეტია“, – განაცხადა გეგელიამ.