კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის მართვა ხდება ძალიან კარგად, თუმცა უსაზღვრო არაფერი არ არის – ზღვარზე ვართ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,  კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების კატასტროფულად მატებას, ჯანდაცვის კლინიკური სექტორი მომზადებული შეხვდა, თუმცა როგორც მანვე აღნიშნა ქვეყანა საწოლების რაოდენობის ზღვარზეა.

„დღეისთვის, ასეთი კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის მართვა ხდება ძალიან კარგად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორი, კლინიკური სექტორი შეხვდა ძალიან მომზადებული ასეთ კრიტიკულ, ნახტომისებურ ზრდას შემთხვევებისას.

რაც შეეხება იმას, მინისტრმა რომ ბრძანა, ადგილების რაოდენობა ზღვარზეაო, დიახ, ზღვარზეა – უსაზღვრო არაფერი არ არის, მაგრამ ეს ზღვარი სხვა ქვეყნებისთვის და ჩვენთვის რომ არ ყოფილიყო ძალიან სერიოზული ზომები გატარებული, ეს ზღვარი იქნებოდა გაცილებით დაბლა. დღეს ზღვარი გადის 6 500 საწოლზე, ეს ძალიან ბევრია საქართველოსთვის,”- განაცხადა „დღის კურიერში” თენგიზ ცერცვაძემ.