ცესკო-ს თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალი მოადგილე გიორგი სიორიძე წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ყურადღება მნიშვნელოვან საკანონმდებლო სიახლეებზე გაამახვილა. შეხვედრის მონაწილეებმა პანდემიის პირობებში 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობის შესახებაც ისაუბრეს.

“ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ დაკვირვებას, მიგნებებს, რეკომენდაციებს და, რა თქმა უნდა, მათ ჩართულობას საარჩევნო პროცესში, ამომრჩევლების უფლებების და ამ პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ჩვენი ხედვაა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ისინი იყვნენ ჩართული ყველა იმ პროცესში, სადაც მათი მოსაზრებები და კომპეტენციები იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ ამ პროცესების დაგეგმვა, განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო გაჯანსაღება. ეს 2 ოქტომბერს ყველა ამომრჩეველს თავისუფალ და მაღალი სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა.