ანდრია ბასილაია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გაფიცვაზე: ეს იყო მოულოდნელი გაფიცვა – ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით უკვე გადადგმული გვაქვს ნაბიჯები

ჩვენთვის ეს იყო მოულოდნელი გაფიცვა, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გაფიცვაზე საუბრისას.

„ჩვენ, ყველა მათ მოთხოვნაზე, რომელიც გამოითქვა ან უკვე გადადგმული გვაქვს ნაბიჯები, ან უკვე დაწყებული გვაქვს სხვადასხვა ღონისძიების გატარება. პირველი მოთხოვნა არის ხელფასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის დეკემბერში ამ თანამშრომლებს ხელფასი 20%-ით გაეზარდათ და დღესაც არაერთხელ ვუთხარით, რომ ჩვენ მზად ვართ ეს დიალოგი გავაგრძელოთ 2022 წლის იანვრიდან და ამასთან დაკავშირებით მზაობა გამოვთქვით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაოს უკვე დაუბრუნდა. შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმოს ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

გაფიცულები ხელფასის მომატებას, სამუშაო გრაფიკის პირობების გაუმჯობესებასა და უნიფორმებს ითხოვდნენ.