პრემიერი: ცესკოს შევთავაზებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში კომისიის ყველა წევრს აცრა ჩავუტაროთ

კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას განვუმარტო, ჩაკეტვებით ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ მედიას განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარებაზეც ისაუბრა, რისთვისაც, მისი თქმით, საარჩევნო პროცესში ჩართული პირები იყვნენ ვაქცინირებული.

„კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას განვუმარტო, ჩაკეტვებით ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ. შეიძლება ჩვენ დროებით გავწელოთ პროცესი, მაგრამ ჩვენ პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინითა და აცრებით შეგვიძლია.
რა თქმა უნდა, ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოღებაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება, მით უფრო შევდივართ რა საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები.

მე ასევე გამოვედი ინიციატივით, რომ ცესკოს შევთავაზებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში კომისიის ყველა წევრს აცრებს ჩავუტარებთ. ასევე, გვსურს, რომ კანდიდატებს შევთავაზოთ და ზოგადად, ყველას, ვინც ჩართულია ამ არჩევნებში, იმისთვის რომ მართლაც მაღალი სტანდარტით, კოვიდისგან უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.