შოთა ბურჯანაძე – ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომ ადამიანები, რომლებიც მოვლენ ჩემს რესტორანში და არიან ვაქცინირებულები, მიიღებენ ფასდაკლებას

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ვაქცინაციისაკენ მოწოდების საჭიროება გახდა საჭირო. ჩემი, პირადად შოთა ბურჯანაძის გადაწყვეტილება და არა „რესტორატორთა ასოციაციის“ გადაწყვეტილება არის, რომ ადამიანები, რომლებიც მოვლენ ჩემს რესტორანში და არიან ვაქცინირებულები, მიიღებენ ფასდაკლებას,” – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლმა, შოთა ბურჯანაძემ  მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სტუმარი ვაქცინაციის დამადასტურებელი ფურცლის ან სმს-ის წარდგენის შემთხვევაში, ბენეფიტს მიიღებს.

“ასევე თანამშრომლები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან ხელფასის სახით მიიღებენ დანამატს. ეს არის ჩემი, როგორც ბიზნესის წარმომადგენლის ინიციატივა და ნაბიჯის გადადგმა, რასაც ალბათ, სხვა ბიზნეს-ოპერატორებისგან მოჰყვება მხარდაჭერა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული ბენეფიტი მიენიჭოთ. ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არ არის არავაქცინირებულის რაღაც კუთხით შეზღუდვა, ის რჩება იმ ფაზაში რა ფაზაშიც დღემდე იყო, არ აქვს მნიშვნელობა მომსახურების თუ ხელფასის თემა იქნება ეს. მომხმარებელი ბენეფიტს მიიღებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ფურცლის ან სმს-ის (სადაც ჩანს რომ ის აცრილია) წარდგენის შემთხვევაში“, – განაცხადა ბურჯანაძემ.