პარტია „ელენე ხოშტარია – დროა“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე უარს ამბობს

პარტია „ელენე ხოშტარია – დროა“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე უარს ამბობს.ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარტია მზაობას გამოხატავს მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს.

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც დიდი ალბათობით გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო. ამასთან, გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებასაც. საქართველოში საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5697 ადამიანი დაინფიცირდა და 54 მათგანი გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ვაქცინაციის ეფექტური კამპანია, თავადვე არღვევს რეგულაციებს. ეპიდემიოლოგების მოწოდების ფონზე, რომ თავი შევიკავოთ მასობრივი თავყრილობებისგან, მთავრობა აორგანიზებს მასობრივ კონცერტებს და მეტიც, ამაში 700 000 ლარს ხარჯავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მონაწილეობს „ქეიფში“ და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც დიდი ალბათობით გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო; გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებასაც. ხშირად, რეგტისტრაციის შემთხვევაშიც კი, აცრის პუნქტები შორს არის, რაც დამატებითი დაბრკოლებაა ვაქცინაციის მსურველებისთვის.

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა და მოახლოებული არჩევნებისა, პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” უარს ვამბობთ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე. მოვუწოდებთ ყველას, კამპანია ჩავატაროთ უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით – პირბადით და სოციალური დისტანციის დაცვით.

მზად ვართ, მოხალისეობისთვის და ნებისმიერ თქვენგანს დავეხმარებით ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დაგვირეკეთ ნომრებზე – 599 192 277; 598 642 956“, – ნათქვამია ინფორმაციაში.