შოთა ბურჯანაძე – მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, თუ ეს შედეგს გამოიღებს, რესტორნების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება გაუქმდება

მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, თუ ეს შედეგს გამოიღებს, რესტორნების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება გაუქმდება , – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შაბათს რესტორნები გახსნის გადაწყვეტილება იძულების გამო მიიღეს.

„შაბათს, 6 თებერვალს, რესტორნები აპირებენ გახსნას და სტუმრის მიღებას. ეს გადაწყვეტილება არის მიღებული არა სურვილით, არამედ იძულებით, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ამდენ რაოდენობას რესტორნებისას თუ დააჯარიმებენ, დახურავენ, ადამიანებს დაიჭერენ, ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა, მათი გადაწყვეტილება არის, შეუძლიათ იმოქმედონ.

საქართველოში ასეთი პრობლემა გვაქვს, თბილისში კონკრეტულად, სასტუმროების რესტორნები მუშაობენ ჩვეულებრივად, როგორც რესტორნებს შეუძლიათ ოპერირება და ეს არის ასე ვთქვათ, გარკვეულწილად რაღაც პრობლემური საკითხი. ერთს თუ შეუძლია იმუშაოს, რატომ არ შეუძლია –  მეორეს. მათ უნდა იმუშაონ, სწორს აკეთებენ, ისინი კანონს არ არღვევენ, მაგრამ რეალურად, როცა შეგიძლია შენც იგივენაირად ფუნქციონირება გააგრძელო, ვერ წარმომიდგენია, რომელიმე შენობაში განსაკუთრებულად ვერ შედიოდეს ვირუსი, ან მეორეში შედიოდეს. სრულ აბსურდში, სისულელეში ვართ და ამ სისულელის აღმოსაფხვრელად არის გადაწყვეტილება მიღებული.

ყველა ადამიანი თავად იღებს პასუხისმგებლობას თავის გადაწყვეტილებაზე, ვერავინ ვერავის ვერ უბრძანებს. რესტორნები ამუშავდება რეგულაციების დაცვით. სამშაბათს დაანონსდა, რომ შაბათამდე ყველა ნიუანსი, ყველა დეტალი იყოს გათვალისწინებული. რესტორნები შეიძლება იყოს 400 ან 1 000. ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებებზე გადავიდეთ, არასდროს გაგვიკეთებია ულტიმატუმი. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ამ სიტუაციაში გამოიღებს შედეგს, რა თქმა უნდა, ის, რაც გადაწყვეტილია, გაუქმდება“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.