მარინა ენდელაძე – არ მჯერა, რომ ღარიბაშვილი იმყოფებოდა ისეთ ადგილას, სადაც შესაძლებელია ყოფილიყო ინფიცირების შემთხვევები – მიტინგები რომ ტარდება, რატომ არავინ ლაპარაკობთ?!

არ მჯერა, რომ ღარიბაშვილი იმყოფებოდა ისეთ ადგილას, სადაც შესაძლებელია ყოფილიყო ინფიცირების შემთხვევები  – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ენდელაძემ ,,ჯიემთივისთან“ საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ფიქრობს რომ მომავალი არჩევნები ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

,,არ ვიცი რა ფოტოზეა საუბარი, მაგრამ ღარიბაშვილის ფოტოები რომ ვრცელდება, ამდენი მიტინგი რომ ტარდება ამაზე რატომ არ ლაპარაკობთ და რატომაა იმაზე საუბარი რომ ღარიბაშვილი სადღაც დაჯდა? მიტინგებზე იკრიბება ათასობით ადამიანი, იქ შეიძლება ყველა იყო გატესტილი და ვაქცინირებული. როდინდელი სურათია ეგეც არ ვიცი და რაღაც არ მჯერა, რომ ღარიბაშვილი ამ პირობებში სადღაც ისეთ ადგილზე დაჯდებოდა, სადაც საშიში იყო და შესაძლებელია ყოფილიყო ინფიცირების შემთხვევები. ასე ნუ ვილაპარაკებთ,“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ რეგულაციებს,  ენდელაძემ აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის დროს ჩატარდა წინა არჩევნები არ ყოფილა ვირუსის არანაირი ზრდა.

,,კოვიდპანდემიის დროს ჩატარდა წინა არჩევნები არ ყოფილა ვირუსის არანაირი ზრდა. ვფიქრობ, რომ ახლაც ყველა წესის დაცვით ჩატარდება არჩევნები და არ იქნება არანაირი პრობლემა ‘’ – აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.